English / ქართული / русский /
ლინა დათუნაშვილი
აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის თანამედროვე მდგომარეობის ზოგიერთი ასპექტი

ანოტაცია. სტატიაში შესწავლილია ბოლო 15 წლის მანძილზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკაში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში მიმდინარე ის გარკვეული წარმატებები, რასაც ქვეყანამ ამ წლებში მიაღწია.განხილულია ქვეყნის პრეზიდენტისა და მთავრობის დიდი ყურადღება აგრარული სექტორის მიმართ და ის ამოცანები (თანამედროვე აგროსამრეწველო კომპლექსის ფორმირება, სადაც გამო­ყენებული იქნება ახალი ტექნოლოგიები გადიდებული საექსპორტო შესაძლებ­ლობებით, დარგის ინტენსიური განვითარების უზრუნველყოფა, რაიონების მიხედვით სპეციალიზაცია, სადაზღვევო ფონდის, აგროპარკებისა და მსხვილი ფერმერული მეურნეობების შექმნა და სხვა), რომელთა ნაწილი განხორციელებულია და ნაწილის პრაქტიკაში რეალიზაცია კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას.

საკვანძო სიტყვები: სოფლის მეურნეობა, „ზუსტი“ მიწათმოქმედება, აგრო­დაზღვევა, ინვესტიციები, რეფორმები. 

შესავალი

როგორც ყველა ქვეყნისათვის, ისე აზერბაიჯანის რესპუბლიკისათვის სასურსათო უსაფრთხოება ეროვნულ-ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია. ცნობილია, რომ სასურსათო უსაფრთხოების ქვეშ იგულისხმება მოსახლეობის კვების პროდუქტებზე მოთხოვნილების სრული უზრუნველყოფა. ქვეყნის მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფა, პირველ ყოვლისა, დაკავშირებულია სოფლის მეურ­ნეობის განვითარების დონეზე. სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის მნიშვ­ნელოვანი შემადგენელი სექტორია და წარმოადგენს ერთ-ერთ იმ ძირითად სფეროს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აგრარულ რეფორმებს და ამ ფონზე დარგის განვითარებას. 

* * *

აზერბაიჯანის რესპუბლიკა - დედაქალაქი ბაქო; მთლიანი ფართობი: 86,6 ათასი კმ2. ტერიტორიული ადმინისტრაციული მმართველობა: 66 რაიონი, რესპუბლიკის დაქვემდებარებაში 11 ქალაქი და ერთი ავტონომიური რესპუბლიკა შედის. აზერ­ბაიჯანის მოსახლეობა 2017 წელს შეადგენდა 9 810 000. ქვეყნის აქტიური სამუშაო ძალის 36% დაკავებულია სოფლის მეურნეობაში.

საბჭოთა კავშირის დაშლა და არსებული ეკონომიკური ურთიერთობების მოშლა, სამხედრო (ყარაბაღის) კონფლიქტი, საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდი და მასთან დაკავშირებული პროცესები ნეგატიურად აისახა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკაზე, რამაც ქვეყნის ეკონომიკის დონის ვარდნა გამოიწვია. აღნიშნული ვითარება რამდენიმე წელს გაგრძელდა. 1995 წელს, ქვეყნის პრეზიდენტისა და მთავრობის ძალისხმევით, აზერბაიჯანში დაიწყო რეფორმების გატარება ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში.

ბოლო წლებში აზერბაიჯანის ეკონომიკის დინამიურ განვითარებას ხელი შეუწყო აგრარულმა რეფორმებმა და ფინანსური საშუალებების ფართო გამოყენებამ, რითაც  ახალი შესაძლებლობები დაისახა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვისაც. გატა­რებული ღონისძიებების შედეგად სოფლისმეურნეობრივი პროდუქცია ბოლო 15 წლის მანძილზე 1,7-ჯერ, ხოლო 2018 წლის 8 თვეში 4,3%-ით გაიზარდა. 2019 წლის მსოფლიო ბანკის ანგარიშში აზერბაიჯანი შევიდა რეფორმატორი ქვეყნების ათეულში და გამოცხადდა მნიშვნელოვანი რაოდენობის რეფორმის გამტარებელ ქვეყნად. ამ ანგარიშით აზერბაიჯანი დაწინაურდა 32 საფეხურით, დაიკავა 190 ქვეყანას შორის 25-ე ადგილი და გახდა  ლიდერი დსთ-ს ქვეყნებს შორის.

აზერბაიჯანში გატარებული აგრარული პოლიტიკა ვითარდება საბაზრო ეკონო­მიკასთან კავშირში, რასაც ხელს უწყობს ქვეყნის კომერციული ბანკების აქტიური მხარდაჭერა დარგის შეღავათიანი დაკრედიტებით. ახლო მომავალში ტურიზმის განვითარებასთან ერთად 40%-ით გაიზრდება აგრარული სექტორის დაკრედიტება, ხოლო წარმოებისა და ვაჭრობის - 20%-ით.

2003-2017 წლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალურმა ზრდამ შეადგინა 166,4%, მათ შორის მემცენარეობაში - 156,7%, მეცხოველეობაში - 177,8%.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის პრო­დუქციის ზრდა მაღალი იყო მსოფლიოს ანალოგიურ საშუალო მაჩვენებელზე და, შესაბამისად რეგიონის ქვეყნების მაჩვენებელზე.

დარგის დინამიური განვითარება გაგრძელდა 2018 წელსაც. 9 თვის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება გაიზარდა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 4,3%-ით. მათ შორის, მემცენარეობის პროდუქციის წარმოება გაიზარდა 5,8%-ით, ხოლო მეცხოველეობის პროდუქციის ზრდამ შეადგინა 2,7%.

აგრარული პროდუქციის ექსპორტი 6,3-ჯერ გაიზარდა, მათ შორის ხილის და ბოსტნეულის  - 10,4-ჯერ, ხოლო ბამბის ნედლეულის  - 2,2-ჯერ.

ქვეყნის პრეზიდენტი ილხამ ალიევი დიდ ყურადღებას აქცევს და ახალ ამოცანებს უსახავს აგრარულ სექტორს, რაც ითვალისწინებს თანამედროვე აგროსამრეწველო კომპლექსის ფორმირებას, სადაც გამოყენებული იქნება ახალი ტექნოლოგიები გადი­დებული საექსპორტო შესაძლებლობებით, ინტენსიური განვითარების უზრუნველ­ყოფა, რაიონების მიხედვით სპეციალიზაცია და სხვა. გათვალისწინებულია, რომ წლის ბოლოს ქვეყანაში უნდა შეიქმნას 13 აგროპარკი, 6 აგროპარკი უკვე ფუნქციონირებს, ქვეყნის 30 რაიონში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები აგროპარკებისა და მსხვილი ფერმერული მეურნეობების შესაქმნელად.

მაღალი შედეგები და წარმატებები, რაც მიღწეულია ქვეყნის ეკონომიკის ყველა სფეროში, მათ შორის აგრარულ სექტორში, არის აზერბაიჯანის დინამიური განვითარების მაჩვენებელი, ესაა კეთილდღეობა და მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია.

დღეისათვის აზერბაიჯანში სოფლის მეურნეობის დარგი არა ნავთობის სექტორის ერთ-ერთ სტრატეგიულ სფეროს წარმოადგენს, ამიტომ მის განვითარებას მნიშვ­ნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში. აგრარულ რეფორმებს ენიჭება განსაკუთრებული ყურადღება. აი რამდენიმე მონაცემი: ქვეყნის მოსახლეობის აქტიური სამუშაო ძალის 36% დაკავებულია სოფლის მეურნეობაში. ამ დარგის წილად მოდის დაახლოებით მშპ-ის 6%, ხოლო აგრარულ გადამამუშავებელი მრეწველობის ჩათვლით 10%.

ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში ჩაიდო მსხვილი ინვესტიციები. პრე­ზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ  „მე რამდენადმე გაკვირვებული ვარ, რომ წარსულ წლებში ინვესტიციების ასეთი მოცულობით დაბანდების, სუბსიდიების გამოყოფის, შეღავათიანი კრედიტის და სხვა დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, სოფლის მეურ­ნეობის ზრდამ შეადგინა მხოლოდ 2-3%. ამჟამადაც ამ დარგისათვის ისევ გათვალისწინებულია სერიოზული დახმარება. ბოლო 9 თვის მანძილზე სოფლის მეურნეობის პროდუქცია 7%-ზე მეტად გაიზარდა“.

აზერბაიჯანში ყველა პირობა არსებობს დარგის წარმატებული განვითარებისთვის. ნაყოფიერი ნიადაგი, რბილი კლიმატი, საგარეო ბაზართან სიახლოვე და სხვა. და, რაც მთავარია, - შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ უნდა შეუქმნა პირობები ნაყოფიერი შრომისათვის. აზერბაიჯანული სოფლის მეურნეობის პრო­დუქცია საზღვარგარეთ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ამ ქვეყნის ხილს და ბოსტნეულს გააჩნია განსაკუთრებული გემო, რომელიც გამოარჩევს სხვა ქვეყნის ანალოგისაგან. ასეთია ბაქოს პომიდორი, ბუბინის ვაშლი და ზაქათალის კაკალი. როგორც საგარეო, ისე საშინაო ბაზარზე აღნიშნული პროდუქცია დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარებისათვის საჭიროა ახალი ტექნო­ლოგიები და დარგის მოდერნიზაცია, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს მნიშვნელოვან მატერიალურ და ფულად რესურსებს.

სოფლის მეურნეობის სფეროს დაკრედიტების შეფასების ახალი ინოვაციური ინსტრუმენტი შესთავაზა ქვეყანას ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა. ეს ინსტრუმენტი შესაძლებლობას მისცემს აზერბაიჯანის ბანკებს, უფრო ეფექტურად განახორციელონ დარგის დაკრედიტება.

მოცემული შეფასების სისტემა შემუშავდა ЕБРР-ის და ფინანსებისა და მართვის ფრანკფურტის სკოლის მიერ ევროსაბჭოს მხარდაჭერით. სისტემამ მოიცვა ყველა კომერციული სიცოცხლისუნარიანი სოფლის მეურნეობის კულტურა და მეცხოვე­ლეობის პროდუქცია და ეხმარება კრედიტორებს, უფრო ეფექტურად შეაფასონ რისკები, უფრო სწრაფად დაამუშაონ კრედიტზე განაცხადები და გააუმჯობესონ წვრილი მეურნეობების დაფინანსება. სისტემა გახდება რეფორმების შემავსებელი ღონისძიება, რომელიც უკვე განხორციელდა აზერბაიჯანში და შესაძლებლობას მისცემს შესაბამის ორგანოებს, მოახდინონ სიტუაციის კორექტირება.

2018 წელს აზერბაიჯანში დაიგეგმა აგროსადაზღვევო ფონდის შექმნა. ასეთი გადაწყვეტილება გათვალისწინებულია სოფლისმეურნეობრივი პროდუქციისა და გადამამუშავებელ წარმოებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დოკუმენტში „სტრატეგიული საგზაო რუკა“.

დოკუმენტი იტყობინება, რომ აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობით შეისწავლის ასეთი სადაზღვევო ფონდის შექმნის შესაძლებლობას აგროდაზღვევის გაფართოების მიზნით. ამასთან დაკავ­შირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მხედველობაში მიიღებს ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილებას, მოამზადებს ანგარიშს, სადაც იქნება ფონდის შექმნის პოტენციური გავლენის ანალიზი მწარმოებლების დაზღვევაზე და დარგის შემდგომ განვითარებაზე. ამასთან ერთად, იგეგმება საინფორმაციო ბაზის შექმნა, რომელიც მოიცავს კლიმატზე მონაცემებს, ბუნებრივ კატაკლიზმებზე ინფორმაციას, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებებს, აგრეთვე მონაცემებს მოსავლიანობის შესახებ.

სიახლე იგეგმება სოფლის მეურნეობის სფეროს დაზღვევის მიმართულებით. შესაბამისი მექანიზმის რეალიზაცია განხორციელდება მომავალი წლის ბოლოს,  სადაც გათვალისწინებული იქნება სადაზღვევო შენატანის სუბსიდირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღირებულების ნაწილს გადაიხდის ფერმერი, ხოლო მეორე ნაწილს _ სახელმწიფო. ასევე იგულისხმება ხელახალი დაზღვევის გარანტია. ამგვარად, ფერმერების რისკებისაგან დაცვის უზრუნველყოფის პრობლემა გადაიჭრება და დაცული იქნება სოფლისმეურნეობრივი წარმოების მდგრადობა.

2020 წლის 1 იანვრიდან დაიწყება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულების სუფსიდირება ახალი ზომით, რაც დამტკიცებული იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული საბჭოს მიერ.

გადაწყვეტილების თანახმად, სუბსიდიების საბაზისო ზომა იქნება თითოეული ჰა ნათესი ფართობისათვის 200 მანათი. ამასთან, ცალკეული სახის ს/მეურნეობის პროდუქციაზე შერჩეული და გამოყენებული იქნება განსხვავებული კოეფიციენტი, რის შემდეგ ჩამოყალიბდება სუბსიდიის საბოლოო რაოდენობა. მხედველობაში იქნება მიღებული მრავალწლიანი ნარგავების მსხმოიარე პერიოდი, ამა თუ იმ რაიონის ბუნებრივ-კლიმატური პირობები და სხვა,  მაგ.: ჩაის პლანტაციებზე მაღალი იქნება სუბსიდიების რაოდენობა, სუბსიდიები გაიცემა მხოლოდ ოთხ რაიონზე, რომლებსაც ყველაზე კარგი პირობები აქვს ამ კულტურის განვითარებისათვის.

აგრარული დარგის განვითარებას მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხუთწლიანმა სახელმწიფო პროგრამამ. პრო­გრამა დამთავრდა 2018 წელს და მისი შედეგებით აღინიშნა მნიშვნელოვანი წარმატებები, მათ შორის ქვეყნის სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების აღდგენისა და აღორძინების მიმართულებით, ისეთების, როგორიც არის მეაბრე­შუმეობა, მებამბეობა, მეთამბაქოეობა, თხილის წარმოება. ეს ის დარგებია, რომლებსაც შეუძლია არა მხოლოდ დაფაროს სუბსიდიები, არამედ ქვეყანას მოუტანოს მეტი მყარი ვალუტა.

პროგნოზის მიხედვით, 2025 წლისათვის აზერბაიჯანი შეძლებს აწარმოოს 6 ათასი ტონა აბრეშუმის პარკი და გადალახოს  ამ დარგის პროდუქციის წარმოების საბჭოთა პერიოდის  რეკორდი.

თხილის წარმოება დღეისათვის ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია არა ნავთობის სექტორიდან, რომელსაც მოაქვს ქვეყნისთვის მყარი ვალუტა. დარგში გატარებული რეფორმების წყალობით, ქვეყანა მყარად დგას კარგ პოზიციაზე ამ დარგის როგორც წარმოების, ისე ექსპორტის მიმართულებით. ამ სეგმენტში ქვეყანას უკავია მესამე ადგილი თურქეთისა და იტალიის შემდეგ. 2018 წელს აზერბაიჯანმა თხილის ექსპორტისაგან მიიღო 40,5 მლნ დოლარი შემოსავალი.

აზერბაიჯანის ერთ-ერთი შემოსავლიანი დარგია მებამბეობა. 2017 წელს პრეზი­დენტის ინიციატივით მიღებული იქნა სახელმწიფო პროგრამა მებამბეობის განვი­თარების მიმართულებით 2017-2022 წლებში. 2018 წელს ქვეყანაში აღბული იქნა  230 ათასი ტ ბამბა, რაც 6,5-ჯერ მეტია 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აღნიშნული შედეგები შთამბეჭდავია. აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქ­ტურა ასეთია: 

მემცენარეობა

აზერბაიჯანში მემცენარეობის შემდეგი დარგები და კულტურებია განვითა­რებული:

  1. მებამბეობა - არის ქვეყნის სოფლის მეურნეობის უძველესი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც გაადგილებულია: განჯაში, გეჩკაეში, საატლიში, საბირაბადში, სალიანში და სხვა.
  2. მეთამბაქოეობა - მებამბეობის შემდეგ მეორე ტექნიკური კულტურაა. იგი მოჰყავთ ზაქათალაში, ბელაქანში, ოგუზში, მასალში, მთიან ყარაბაღში და ნახჩივანში.
  3. მეჩაიეობა. სოციალიზმის პერიოდში აზერბაიჯანს საქართველოს შემდეგ  მეორე ადგილი ეკავა კავკასიაში ჩაის მოყვანის თვალსაზრისით. დარგი განვითარებულია ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში: ლენქორანში, ასტარაში და ნაწილობრივ ზაქათალაში.
  4. მებაღჩეობა და მებოსტნეობა განვითარებულია თითქმის ყველა რეგიონში.
  5. მეკარტოფილეობა განვითარებულია ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში: ტოვუ­ზოში, შამკირში, ნაწილობრივ დაშკესანში და გუსარში.
  6. მევენახეობა ყველაზე განვითარებული და შემოსავლიანი დარგია. იგი გაადგილებულია განჯა-გაზახის, კურა-არაკსინის, შემახინის და ნახჩივანის ზონაში. რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში გავრცელებულია 70 ჯიშზე მეტი საუკეთესო ჯიშის ვენახი საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ირანიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, უზბეკეთიდან და სხვა.
  7. მებაღეობა განვითარებულია თითქმის ყველა რეგიონში. ვაშლი - გუბა-ხაჩმაზის ზონაში, კაკალი, წაბლი - შეკი-ზაქათალას ზონაში, ციტრუსები (ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი, ფეიხოა) - ლენქორან-ასტარაში.
  8. მეაბრეშუმეობა განვითარებულია არანის ზონაში, ბალაკანის, ზაქათალისა და გახის რაიონებში. 

მეცხოველეობა

მეცხოველეობა წარმოადგენს აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნას ხორცსა და რძის პროდუქტებზე. მეცხოველეობა უფრო განვითარებულია ქვეყნის მთიან რაიონებში, განსაკუთრებით შირვანისა და კალბაჯარ-ლაჩინის ზონაში.

1)   მესაქონლეობა განვითარებულია ქვეყნის თითქმის ყველა რაიონში. ძირითადი ადგილი უკავია ადგილობრივ მსხვილფეხა რქოსან საქონელს. არანისა და შეკი-ზაქათალის რაიონებში აშენებენ კამეჩს. მსხვილფეხა რქოსან მესაქონლეობაში 70%-ს შეადგენს ძროხები და კამეჩები.

2)   მეცხვარეობისთვის ქვეყანაში საკმარისი ზაფხულისა და ზამთრის საძოვრებია. ცხვრის ტყავი და მატყლი წარმოადგენს ნედლეულს მსუბუქი მრეწველობისთვის.

3)   მეფრინველეობა - ძირითადად განვითარებულია ბაქოს რაიონის განჯისა და ნახჩივანის კერძო მეურნეობებში. დარგი აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნას ქათმის ხორცსა და კვერცხზე. საკვები ბაზის უკმარისობა ხელს უშლის მეფრინ­ველეობის შემდგომ განვითარებას.

კასპიის ზღვაში გავრცელებულია მრავალი სახის მაღალი ხარისხის სარეწაო თევზი. ინტელექტუალური სისტემის შექმნა და მისი დანერგვა სოფლის მეურნეობაში  ერთ-ერთ ცენტრალურ ამოცანას წარმოადგენს ბოლო წლების აზერბაიჯანის ეკონო­მიკისათვის. ამ სისტემის პარამეტრი განიხილებოდა აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის XIII საერთაშორისო გამოფენაზე Caspian Agro, რომელიც გაიხსნა ბაქოში 2019 წლის 16 მაისს.

ციფრულ მიწათმოქმედებას ხშირად უწოდებენ ზუსტს, რადგან იგი იოლად სამართავია. ეს სრულფორმატიანი კონსტრუქცია მოგვაგონებს მობილური დანართით ურთიერთდაკავშირებულ სისტემას, რომელიც კოორდინაციას უწევს მსხვილ მონა­ცემთა ბაზას. იგი ითვალისწინებს რიგ ღონისძიებებს:

შეიქმნება აგრობიზნესის სუბიექტებისათვის ხელმისაწვდომი ნიადაგის ქიმიური აღწერილობითი ბაზა, მისი წყლის და მარილიანობის დახასიათებით, ნაკვეთის ღირებულება და მისი მესაკუთრის მონაცემები. აზერბაიჯანში ამ სფეროში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს: ყალიბდება ინტელექტუალური სისტემის სახელმწიფო მხარ­დაჭერა (სუბსიდია, ინვესტიცია და სხვა). ხდება სოფლის მეურნეობის საქონელ­მწარმოებლების პირადი მონაცემების ტესტირება, მათი, ვინც მიიღებს სახელმწიფო მხარდაჭერას.

ქვეყანაში მსხვილი სალიზინგო კომპანიები არენდით სთავაზობენ  სოფლის მეურნეობას თანამედროვე ტექნიკასა და მოწყობილობას. მოწყობილობას თანამედროვე მათ შორის უპილოტო მფრინავ აპარატს ნათესების ზონდირებისთვის, ხოლო მომავალში _ უპილოტო ამღებ ტექნიკას. ამჟამად ტექნიკის პარკი ივსება განჯის ავტოქარხანაში აწყობილი მოდელებით. ერთ-ერთი მაგალითია მარცვლეულის ასაღები მანქანა, რომელიც აღჭურვილია მართვის ინტელექტუალური სისტემით.

საექსპორტო პარტიის ფორმირება მინდვრებიდან განხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით: მარცვლეულის აღება, სწრაფი შეფუთვა, მიტანა ლოჯისტიკის ცენტრებში, საექსპორტო ცენტრების კოორდინაციით. ფერმერების მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის შექმნილია Enterprise Azerbaijan  u Azexport. az. პორტალი.

Azerbaijan Digital HUB სისტემის მუდმივი გაფართოებისათვის იქმნება დინამიური პლატფორმა ქვეყნის სოფლის მეურნეობის შემდგომი ციფრული ტრანსფორმაციი­სათვის.

მიმდინარე ათწლეულის ბოლოს მსხვილი მეურნეობის მფლობელები მინი­მუმამდე შეამცირებენ ნათეს ფართობებზე გასვლას და მიიღებენ სრული მოცულობის ინფორმაციას მოსავლის შესაძლო რაოდენობის, ასევე სამუშაო ძალისა  და აუცილებელი ტექნიკის ონლაინ რეჟიმში მოზიდვის შესახებ.

აზერბაიჯანში ციფრული სისტემის ელემენტები უკვე იღებს რეალურ გამო­სახულებას. ეს თემა აქტიურად განიხილება მთავრობის დონეზე.

ციფრული მოდელი სწრაფად შემოდის ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკაში, რაზედაც ლაპარაკობს ის ფაქტი, რომ 2019 წლის იანვარ-მარტში „Azexport. az.“ პორტალით მიღებულ იქნა ექსპორტზე შეკვეთა 1784 აშშ მლნ დოლარის (თითქმის მთელი ექსპორტის 30%) ქვეყნის ხილისა და ბოსტნეულის პროდუქციიდან. 2018 წელს განაცხადი ექსპორტზე ასეთია: რუსეთი - 11,5%, თურქეთი - 9,9%, აშშ - 7%, ინდოეთი - 6,6%, საქართველო - 5,3%.

რეგიონებში განვითარებული ინტერნეტის შეღწევის წყალობით და საკუთარი თანამგზავრის არსებობით პერსპექტივაში არსებული და მოდერნიზებული ინფრა­სტრუქტურის ბაზაზე დაინერგება შემდეგი სისტემები და ცალკეული ტექნიკური გადაწყვეტილებები: ნიადაგის აგროქიმიური ანალიზი, მოსავლიანობის მონიტორინგის რუკა თანამგზავრისა და აეროგადაღების საფუძველზე, სასუქის დიფერენცირებული შეტანის სისტემა და სხვა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები ინვესტორების ინტერესების დაცვის სფეროში. საბაჟოზე უზრუნველყო­ფილია „მწვანე დერეფანი“, ამ მიმართულებით განხორციელებულია საგადასახადო რეფორმა, გაფართოებულია სამრეწველო პარკი, იზრდება აგროპარკების რაოდენობა.

აღნიშნული ღონისძიებები იძლევა დადებით შედეგს. ქვეყნის სოფლის მეურნეობა და მისი სასაქონლო წარმოება მყარად გავიდა „ახალ მიჯნაზე“. ხილის და ბოსტნეულის ექსპორტი გაიზარდა 11%-ით ანუ 530 მლნ აშშ დოლარით, სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქცია 2018 წელს გადიდდა 4,6%-ით(მემცენარეობა - 6,8%, მეცხო­ველეობა - 2,7%). აღნიშნულ წელს წარმოებული იყო 1,5 მლნ ტ-ზე მეტი ბოსტნეული და 1 მლნ ტ ხილი და კენკროვნები, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დამოუკიდებლობის მთელი წლების მანძილზე. 2019 წლის პირველ კვარტალში ხილისა და ბოსტნეულის პროდუქციის ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 28,2%-ით.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მეჩაიეობის, ბრინჯის, ციტრუსებისა და მევენახეობის სფეროს განვითარებას, რაც ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნისთვის. ქვეყანაში ფრიად პერსპექტიულ ამოცანად თვლიან მსოფლიოს ბაზარზე თხილის დამკვიდრებას. ამ მიზნის განსახორციელებლად თხილის ბაღები 84 ათას ჰა-მდე გაიზრდება. სუმგაითის კარბიდის ქარხნის შემწეობით აგრარული სფერო სრულად იქნება უზრუნველყოფილი აზოტის სასუქით.

ციფრული სისტემისკენ მოძრაობის პერიოდი შეიძლება დაიყოს ეტაპებად: პირველი თითქმის დასრულებულია. ადრინდელი სოფლის მეურნეობის სამმართველო, რომელიც შედიოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, გარდაიქმნა ადმინისტ­რაციული სტრუქტურიდან მომსახურების სფეროს დაწესებულებად. მხარდაჭერის ცენტრი პრინციპით „ერთი ფანჯარა“ ფერმერებს უწევს 70 სახეობამდე მომსახურებას. ადრე მოქმედი ოთხი სტრუქტურიდან, რომელიც შედიოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შეიქმნა აგრარული მომსახურების სააგენტო, რაც უზრუნველყოფს ვეტერინარული, ფიტოსანიტარული სამსახურების, თესლის და ტექნიკური კონტროლის მოქნილ და ეფექტურ მართვას. ტარდება მიწის სისტემატიზაცია და საადრეო თესვისთვის უვარგისი ნიადაგების გაუმჯობესების ღონისძიებები.

ამჟამად, ციფრულ პორტალში მეორე ეტაპზე მიმდინარეობს  სოფლის მეურნეობის სრულყოფილი შეყვანის ინტეგრაციის სამუშაოები. სისტემის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მომსახურება ფერმერებისთვის იქნება უფრო ხელმისაწვდომი, გამჭვირ­ვალობის მხრივ უზრუნველყოფილი და სუბსიდიების გაცემისას მოქნილი. მომავალი წლიდან სუბსიდიები გაიცემა სწორედ ამ სისტემის მიხედვით. ელექტრონული სისტემა ფერმერებს დაეხმარება, ზუსტად დაგეგმონ თავიანთი სათესი ფართობი ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, ასევე გაამარტივონ საქონელზე მოთხოვნის ზუსტი პროგნოზი. დღეისათვის 100 ათასზე მეტმა ფერმერმა გაიარა რეგისტრაცია აღნიშნულ სისტემაში.

ამ ეტაპზე განხორციელდება უფრო ღრმა ინტეგრაცია მეცნიერებასთან. აგრარული მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთან არსებული ინოვაციების ცენტრი  გეგმავს, შექმნას ბოსტნეულის, ბაღჩეულისა და კარტოფილის ახალი ჯიშები და ჰიბრიდები.

სტრატეგიული ამოცანა, რაც დღეისათვის რამდენადმე ფანტასტიკურად გამოიყურება, ინოვაციების დანერგვის ტემპების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი ეს სრულად განხორციელებადია 10 წლის მანძილზე.

მოცემული მასალის ანალიზი გვაძლევს საშუალებას, აღვნიშნოთ: აზერბაიჯანის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად აამაღლა ეკონომიკის დონე, რაც შეეხო ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის სოფლის მეურნეობას, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის მნიშვნელოვან სექტორს.

აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო აგრარულმა რეფორმებმა და ფინანსური საშუალებების ფართო გამოყენებამ, მსხვილი ინვესტიციებისა და ქვეყნის კომერციული ბანკების ატიურმა მხარდაჭერამ დარგის შეღავათიანი დაკრედიტებით. ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა თანამედროვე აგროსამრეწველო კომპლექსის ფორმირებას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებითა და გადიდებული საექსპორტო შესაძლებლობებით, ასევე აგროპარკების შექმნას და ფუნქციონირებას. აგროდაზღვევის გაფართოების მიზნით ხორციელდება აგროსადაზღვევო ფონდის შექმნა. სოფლის მეურნეობაში ინერგება ინტელექტუალური სისტემა ციფრული მიწათმოქმედების სახით, რაც ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ სფეროში.

ვფიქრობთ, აღნიშნული ღონისძიებების გატარება, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, გარკვეულად წაადგება საქართველოს სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითრებასაც. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. Экономика Азербайджана по итогам 2018 года... turan.azext/news/2019/1/free/analytics/ru/… Bалютные резервы Азербайджана за 2018 го

2. Сельское хозяйство Азербайджана — Википедия ru.wikipedia.orgСельское хозяйство Азербайджана

3. Азербайджан выводит сельское хозяйство на новый... news.day.azПолитика1062651.html

4. Аграрное будущее Азербайджана - реформы Президента... news.day.azПолитика1062651.html

5. В Азербайджане к 2018 году создадут Фонд... vestikavkaza.ruНовости…-k-2018-godu-sozdadut…

6. Аграрное будущее Азербайджана - реформы Президента... news.day.azПолитика1169347.html

7. Темпы роста сельского хозяйства превысят ненефтяной... az.sputniknews.rueconomy/20181106/417753305…

8. Научный сотрудник Института экономики РАН Александр... moscow-baku.ruНовости Азербайджана и РоссииЭкономика…_selskoe…